რედაქტორისგან
დიდი მადლობა, რომ ესტუმრეთ ჩვენს საიტს. ვფიქრობ, აპრილის ნომერი საინტერესო გამოგვივიდა. გადავწყვიტეთ, გარეკანზე გამოგვეტანა კლეოპატრას სურათი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არავინ იცის, რეალურად როგორ გამოიყურებოდა ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი. არც ის ვიცით, თუ სად მარხია ბუნდოვანებით მოცული საბედისწერო ხიბლის მქონე კლეოპატრა, რომელმაც იმდროინდელი სამყარო მოაჯადოვა. იდუმალი დედოფლის ძიება არ წყდება და ამ სტატიაში წარმოდგენილია ის ახალი თეორიები და მინიშნებები, რომლებსაც სულ უფრო ახლოს მივყავართ კლეოპატრას საიდუმლო სამარხთან.
ამ ნომერში გაიგებთ ასევე ძალიან უცნაურ ამბავს ეშვზე მონადირეებზე, რომლებიც ციმბირის გაყინულ მიწაზე დაახლოებით 10 000 წლის წინ გადაშენებული ცხოველის - მამონტის ეშვებს სიცოცხლის რისკის ფასად დაეძებენ. ნომერს გააგრძელებს სტატია ბიოლოგიაში გაკეთებული წარმოუდგენელი მიღწევების შესახებ. გადაშენებული სახეობების აღდგენა აღარ არის უტოპია, მაგრამ არის კი ეს კარგი იდეა? ერთ-ერთ სტატიაში აღმოაჩენთ თანამედროვე ევროპას, რომლის სოფლებშიც უძველეს წარმართულ რიტუალებს დღემდე ასრულებენ. ამ ნომერში თვალს მოჰკრავთ მაგელანის ღრუბლებს - სინათლის ორ გამჭვირვალე ნაგლეჯს, რომლებმაც შესაძლოა გალაქტიკების ბალანსი შეარყიონ. ხოლო ნომერს დაასრულებს მწვავე სტატია პერუში ინდიელთა მიწებზე მიმდინარე ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ.
ჟურნალში ასევე გთავაზობთ, ტრადიციულად, საინტერესო რუბრიკებს და გასაოცარ ფოტომასალას - კვლევა-ძიების ახალი ეპოქა გრძელდება!
არ გამოტოვოთ აპრილის ნომერი და გამოიწერეთ, რომ გარანტირებულად მოგივიდეთ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე!
კეთილი სურვილებით, ლევან ბუთხუზი
|
 |
 |
 |
თქვენი ფოტოდაინტერესებული მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფების საყურადღებოდ! თუ გსურთ, თქვენი ფოტომასალა მოხვდეს National Geographic საქართველოს ყოველთვიურ საკონკურსო რუბრიკაში “თქვენი ფოტო”, გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტონამუშევარი. მეტი >>
FACEBOOK
პარტნიორები |